ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროექტში მოცემულია სამი ძირითადი მიმართულება – ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.
„დაბალი ინფლაცია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია. ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარის კურსის გამყარებამ, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტული ინფლაციის კლებას და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის შემცირების პროცესში დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ფისკალური კონსოლიდაციისკენ მიმართულმა პოლიტიკამ და ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერებისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია – 0.1 პროცენტს, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია.
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მოყოლებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რაც ჩვენთვის გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს. ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი თავის ნეიტრალურ დონეს – 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება. მოხსენების წარდგენისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფულად ბაზარზე მიზნობრივი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მაქსიმალურად დაახლოებული, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მიღწევის მნიშვნელობასა და გზებზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. შეგახსენებთ, ჯამურად მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ნოემბრის მდგომარეობით 10 პროცენტს შეადგენს.
„იქიდან გამომდინარე, რომ წელს ინფლაცია დაბალია და საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მოლოდინით, მიზნობრივ 3 პროცენტთან ახლოს იქნება, სხვა თანაბარ პირობებში დამატებითი ინსტრუმენტებით საკრედიტო აქტივობის მოთოკვის საჭიროება აღარ დგას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გავზარდეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.
„მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება გვეხმარება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სწორედ ამ მიზნით, იმისათვის, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ჭარბი მერყეობა შერბილდეს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ადეკვატური დონის ფარგლებში შენარჩუნდეს, 2023 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ყველა ინტერვენციის გათვალისწინებით, საერთაშორისო რეზერვები 5.1 მლრდ. დოლარს გაუტოლდა.