ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა
ევროკავშირისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ქვეყნების არაოფიციალური მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ჩირილ გაბურიჩს შეხვდა და მასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოლდოვას, საქართველოს მსგავსად, ხუთი წელია, რაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ორივე ქვეყნის ნორმატიული და მარეგულირებელი ბაზის დაახლოება ევროკავშირის ბაზასთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ, მათ შორის, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ ფორმატებში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ისაუბრეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.
„მოლდოველმა კოლეგამ ნათია თურნავასთან საქართველოში ტურიზმის განვითარების გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევა მოლდოვისთვის სამაგალითოა“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.