ნათია თურნავამ იმერეთში ქვეყნის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნათია თურნავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან, აზერ მამმედოვთან ერთად ესტუმრა.
ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცა მათი სოფლების გაზიფიცირების პროექტის წარმატებით დასრულება. სოფელ გოგნიში მცხოვრები 205 მოსახლე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, რისთვისაც აშენდა 20 456 გრძივი მეტრი გაზსადენი. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო კლდეეთს, სოფლის 216 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.
მთლიანად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა ხუთი დასახლებული პუნქტი და 900-მდე ოჯახი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 21 დასახლებული პუნქტი და 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც 200-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა გეგმაზელის მიხედვით საქართველოს გაზიფიცირების 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ეს პროგრამა გაგრძელდება – შემდგომი სამწლიანი პროგრამა უკვე 2022-24 წლებში განხორციელდება, მის ფარგლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და შედეგად, 2024 წლის ბოლოს საქართველოს 600-მდე ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს.