ნათია თურნავამ გიორგი კანდელაკს მიმართა - ახლა რომ გახდით ფრენების ქომაგები, რატომ არ შემოიყვანეთ 2012 წლამდე „ვიზეარი“ და „რაინეარი“
ივნისიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ვხსნით ცას და ვიწყებთ ფრენებს, ნელ-ნელა იმ დონეზე გვინდა ავიდეთ, რაც გვქონდა 2019 წელს, როცა ჩვენს ცაზე დაფრინავდა 50-ზე მეტი ავიაკომპანი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს. ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შეეხებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლამდე საქართველოში სულ 23 ავიაკომპანია და 44 მიმართულება იყო.
„ახლა რომ გახდით ფრენების ქომაგები, რატომ არ შემოიყვანეთ 2012 წლამდე „ვიზეარი“ და „რაინეარი“? ისეთი პათოსით საუბრობთ ამაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდა ამ ავიაკომპანიების შემოყვანა. ბატონი რომან გოცირიძის წერილი გვაქვს, რომელიც გვაკრიტიკებდა, რატომ შემოიყვანეთ „რაინეარი“ და სხვა იაფიანი ავიაკომპანიებიო, ნუ ქმნით ისეთ ილუზიას, რომ ახლა გახდით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქომაგები“, – განაცხადა მინისტრმა.
ფრენებზე საუბრისას ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსაც მიმართა და მისი განცხადება გაიხსენა.
„ბატონო გიორგი, 2019 წელს, როცა ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვასრულებდით, რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ „რაინეარის“ პრეზიდენტთან ერთად დაგვეანონსებინა, რომ ეს გლობალური გიგანტი შემოდიოდა საქართველოში, თქვენ როგორც ჩანს, გაიგეთ ეს ამბავი და რამდენიმე დღით ადრე გამართეთ პრესკონფერენცია და კატეგორიულად მოითხოვეთ, სასწრაფოდ შემოიყვანეთ „რაინეარიო“. მესმის, რომ ყველას უნდა, ჩაგვეზიაროს მიღწევებში, მაგრამ ცოტა უხერხულია. თქვენ იყავით ადამიანი, ვინც ამბობდა, იაფიანი ფრენები იმიტომ შემოიტანეთ, რომ ქვეყანა დაიცალოსო. უხერხულია ბატონებო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.