ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური მრგვალი მაგიდის დიალოგში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა.
დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.
წლევანდელ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა – ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ.
შეხვედრას უძღვებოდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.
დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა, რომ, საერთო ინტერესის გათვალისწინებით, ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო პერიოდის არასასურველ შოკებსა და სამომავლო ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე რეაგირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის პროაქტიულმა კორექტირებამ ხელი შეუწყო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას. დროულმა და საკმარისად გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ კი შეამცირა ინფლაციური მოლოდინები.
„2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკა მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. მომავლის თვალსაზრისით, ახლოვადიან პერსპექტივაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი თანდათან დაახლოებით 3%-მდე დასტაბილურდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, თუ ინფლაციის რისკები რეალურად დადგება, სებ-ი მზად არის, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის პოზიცია და შეაკავოს ინფლაციური ზეწოლა.
ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ დონეს, დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი ისტორიულად დაბალია. მისივე თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროპის ცენტრალურ ბანკს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის.
ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი ყოველწლიურად იმართება და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, კანდიდატი ქვეყნები, მათი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი მონაწილეობენ.