ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2020 წლის შემოდგომიდან შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, აგრეთვე ის ნაბიჯები, რომელთაც ორივე მხარე დგამს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მხარის დიდი დაინტერესება ავსტრიის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის კუთხით, რომელიც პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა. ამავე დროს, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოსა და ავსტრიაში ბიზნეს ფორუმების განხორციელების აუცილებლობაზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.