ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“ მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე, საიმედო ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ გარემოზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ისეთი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, როგორებიცაა: Heritage Foundation-ი, OECD, World Bank-ი და ა.შ.
პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არაერთი ინიციატივა ფინტექის განვითარებისა და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერად, ასევე სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და პროექტები, რომლებშიც ქართული მხარე ჩართულია. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ამჟამინდელ ეკონომიკურ განვითარებას. მისივე განცხადებით, არსებული დაბალი ინფლაცია, მზარდ ეკონომიკასთან ერთად, მხოლოდ რეალურ ეკონომიკაში პროდუქტიულობით აიხსნება, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებითაა განპირობებული.
პანელურ დისკუსიაში გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ასათვისებლად და რეგიონული ფინტექ ჰაბის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე გაატარა გადამწყვეტი პოლიტიკა ფინტექის განვითარებისთვის. შემუშავდა მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების მკაფიო წესებით. ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანერგა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი, როგორებიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ის და პლატფორმის ლიცენზიები.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში საბანკო სექტორი მაღალი დიჯიტალიზაციით ხასიათდება და ძალიან აქტიურია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ციფრულ გადახდებში არსებითი ზრდა ფიქსირდება, მობაილბანკის ტრანზაქციების ყოველწლიური გაორმაგება შეინიშნება, ეს კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიჯიტალიზაციის და უნაღდო ანგარიშსწორების მომავალი ზრდისთვის. QR კოდები გადახდების სფეროში კი სულ უფრო ფართოდ ვრცელდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ციფრული ბანკების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნებს შორის გადახდების გაზრდის კიდევ ერთი წყაროა.
„ეროვნული ბანკი მოწოდებულია, 2025 წლისთვის განახორციელოს მყისიერი გადახდების პროექტი, რაც საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის სერვისებს. 2022 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით ამოქმედდა სამი ციფრული ბანკი, რომელთაგან ერთი ხელს უწყობს შეუფერხებელ ტრანზაქციებს ევროკავშირის ეკონომიკურ ზონასთან, ხოლო მეორე არის მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი, რომელიც სინგაპურში დაარსდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი, ლიტვის ბანკის საბჭოს წევრი სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე. პანელს მოდერატორობა ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა მაიმ გაუწია. პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინტექ კომპანია Elevandi-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.