ნათია თურნავა - ყველას ვულოცავ შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდების დაწყებას
ყველას ვულოცავ შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდების დაწყებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამხრეთის გაზის დერეფნით, საქართველოს გავლით ევროპაში შაჰ-დენიზის გაზის მიწოდების დაწყებას.
აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო.
„ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს – ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის.
„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ენერგოდერეფნის მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ერთი წლის წინ იყო ტრანსანატოლიური მილსადენის ინაუგურაცია და ახლა სახეზეა პროექტის ლოგიკური დასასრული – ბუნებრივი აირი კავკასიიდან მიეწოდება ევროპას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.