ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს
„სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან ყველაფერი გააკეთა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აეყვანა და ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე იყო დაწესებული, ვეღარ გაუძლებს.
ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობას ვერავინ დაპირდება, რომ კორონავირუსი სადმე გაქრება, მაგრამ პანდემიასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა მინისტრმა.