ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტარტაპებთან გვერდში დგომის სტრატეგია გავაძლიეროთ
ძალიან შთამბეჭდავი წარმატებაა. ვულოცავ, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს – „პულსარის“ დამფუძნებლებს, ასევე ამერიკულ კომპანია SpinCar-ს, ვინც შეიძინა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ჩვენი ადგილობრივი სტარტაპი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა.
ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.
„ჩვენთვის ორმაგად საამაყოა, იმიტომ, რომ სტარტაპი „პულსარი“ არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარი 2018-2019 წლებში. ჩვენ ვეხმარებოდით მათ, ისევე, როგორც ათობით სხვა ადგილობრივ ქართულ სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში.
ზოგადად, ჩვენი პოლიტიკაა სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა საქართველოში, გაძლიერება და ეს კონკრეტული გარიგება, რაც ამერიკის ბაზარზე შედგა, „სილიკონ ველიზე“, არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი ადგილობრივი ქართული სტარტაპები არიან ძალიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა უკვე 10 წლიანი გეგმის ფარგლებში გავაძლიეროთ მათთან გვერდში დგომის სტრატეგია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.