ნათია თურნავა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად, ვიმედოვნებ, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდით დაგვიდგება
ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრები გაგრძელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით დღეს სავაჭრო ობიექტებს შეხვდება.
„ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და მოვახდინოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში, ეხება ისეთ ბიზნესებს, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან, დღის განმავლობაში ჰყავთ ბევრი მომხმარებელი. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, სილამაზის სალონებზე. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმსა და საათებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და დიდი იმედი მაქვს, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდით დაგვიდგება ისევე, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ხდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთლიანად მსოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და ამ ობიექტური მიზეზებით ბევრი პრობლემა წარმოიქმნა, მათ შორის ჩაიკეტა საზღვრები, შეჩერდა მიმოსვლები.
„ამიტომ ველოდებით, რომ ამ მოვლენებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები პირველ ნოემბრამდე გადაუვადდებათ. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, სადაც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.