ნათია თურნავა - ყველა მოქალაქეს მინდა, მოვუწოდო, ნუ აჰყვებიან ირაციონალურ შიშებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა მართავს პროცესს, აგვარებს ყველა საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა და ყველა ღელავს, ვირუსი არ არის საფუძველი, რომ მოქალაქეები უსაფუძვლო აჟიოტაჟსა და წუხილს აყვნენ.
ნათია თურნავამ მიმართა მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან ირაციონალურ შიშებს.
„იცით, რომ გუშინაც გვქონდა შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, დიდ სუპერმარკეტებთან, ქსელურ მაღაზიებთან, ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, დავრწმუნდით. დღეს პრემიერ-მინისტრთანაც იგივე გაჟღერდა, რომ მარაგები სავაჭრო ქსელში დღეს არის საკმარისზე მეტი, ძალიან კარგად არის მომზადებული ჩვენი სავაჭრო ქსელი, სავაჭრო სექტორი ყველა გამოწვევისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს აჟიოტაჟური მოხმარებისთვის, ზოგიერთ პროდუქტზე ირაციონალურად გაზრდილი მოთხოვნისთვის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ჩვენ სრულიად ვმართავთ მომარაგების საკითხს, მათ შორის ლოგისტიკრად, ჩართული ვართ თითოეული, კონკრეტული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში. ყველა პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს სავაჭრო ქსელებში პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის შეუფერხებელ მიწოდების არანირი საფრთხე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქეს მინდა, მოვუწოდო, ნუ აჰყვებიან ირაციონალურ შიშებს. გვესმის ყველას, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, ახალი გამოწვევა. რა საკვირველია, ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ავყვეთ უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს. ამის საფუძველი, გარწმუნებთ, ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ქსელური კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.