ნათია თურნავა - ყველა ბიზნესი, რომელიც დაგვანახებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს, იქნება დაშვებული
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც მთავრობას მოქალაქეთა უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს მისცემს, მოხვდება მთავრობის მიერ დაშვებულ საქმიანობათა ჩამონათვალში.
„იმ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც ჯერჯერობით დროებით არის შეჩერებული იმ მთავარი ამოცანიდან, მთავარი პრიორიტეტიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, მინდა, ვუთხრა, რომ ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს გარანტიებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხო მუშაობას, ამ ბიზნესების საქმიანობაც შემდგომში იქნება დასაშვები, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.