ნათია თურნავა - ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა 2025 წელს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან გვქონდეს
ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა 2025 წელს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან გვქონდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის ადგილობრივი წარმოების იმგვარი განვითარება, რომ გაიზარდოს ექსპორტი და ჩანაცვლდეს იმპორტი სხვადასხვა მიმართულებით.
„რა გზით ვაპირებთ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი? ეს არის ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის განვითარება. ადგილობრივი წარმოება, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოებინა. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს არის მსოფლიო მომხმარებლის დაახლოებით 30 პროცენტი. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ქვეყნებთან – დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურეს ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, აშშ-თან, რათა ჩვენ 2025 წელს შევძლოთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვქონდეს 51 ქვეყანასთან, 2030 წელს კი – სულ მცირე 57 ქვეყანასთან.
ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72 პროცენტი. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ადგილობრივი წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩვენს შიდა ბაზარზე ბევრი მიმართულებით ჩაანაცვლებს იმპორტს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ადგილობრივი წარმოების იმგვარი განვითარება, რომ გავზარდოთ ექსპორტი და ჩავანაცვლოთ იმპორტი რამდენიმე მიმართულებით. ადგილობრივი წარმოება არის ეკონომიკის ქვაკუთხედი“, – განაცხადა თურნავამ.