ნათია თურნავა - წყალტუბოსა და აბასთუმნის აღორძინება მხოლოდ კერძო ბიზნესის ინვესტიციით ვერ მოხდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მიდგომა
ნათია თურნავა - წყალტუბოსა და აბასთუმნის აღორძინება მხოლოდ კერძო ბიზნესის ინვესტიციით ვერ მოხდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მიდგომა

წყალტუბოსა და აბასთუმნის აღორძინება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკურორტო ქალაქებად განვითარება, რაც წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, მხოლოდ კერძო ბიზნესის ინვესტიციით ვერ განხორციელდებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის სოციალური ინვესტიცია და მისი საქველმოქმედო მიდგომა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული განვითარების პოტენციალი, შესანიშნავი ბუნება, მდიდარი კულტურა, საკურორტო ადგილები და ტრადიციები.

თუმცა, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, იმისთვის, რომ აღნიშნული პოტენციალი სრულფასოვნად იყოს ათვისებული და მსოფლიოსთვის შეთავაზებული, მხოლოდ კერძო ბიზნესის ინიციატივა არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს და რისკებიც მაღალია.

„სწორედ ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივები არის ბაზა, ლოკომოტივის ფუნქციის შემსრულებელი ის სოციალური ინვესტიცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო სრულყოფილად განვავითაროთ ქვეყნის რეგიონები და კერძო ბიზნესიც ჩავაბათ ამ პროცესში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია აბასთუმნისა და წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.