ნათია თურნავა - წყალტუბოს პროექტის შედეგად ოცი ათასამდე ადამიანი დასაქმდება
წყალტუბოს პროექტი იქნება აბსოლუტურად სულ სხვა სიცოცხლე იმერეთისთვის და მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„წყალტუბოს პროექტის განხორციელების შედეგად დაახლოებით ოცი ათასი ადამიანი დასაქმდება. ოცი ათასი ადამიანი ეს არის ოცი ათასი ოჯახი. ეს უკვე, თავისთავად არის პირდაპირი, ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი კონტრიბუცია სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. იმერეთისთვის და მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის ეს იქნება აბსოლუტურად სულ სხვა სიცოცხლე“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, წყალტუბოს პროექტი არ არის ერთი, კონტექსტიდან ამოვარდნილი პროექტი და გვერდით ქალაქში ვითარდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საერთაშორისო აეროპორტი, ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ა.შ., რაც მთლიანობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„გვერდით ვითარდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. გვჭირდება უფრო კვალიფიციური მუშახელი და ამის დიდი კერა იქმნება. ჩვენ ჩვენი სახსრებით ვავითარებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება. ქუთაისში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ვითარდება. მათ შორის, რამდენიმე ახალი საინვესტიციო ინდუსტრიული ობიექტი – მანქანათმშენებლობა და ა.შ. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თურნავამ.
ამ განცხადებით მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მასშტაბური გავლენის მოხდენა შეუძლია მთლიანად რეგიონზე ერთი საკურორტო, გარკვეული ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარებას.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საჭირო აღარ არის ლოდინი, თუ როდის ექნება სახელმწიფოს რესურსი და როდის შეძლებს მილიარდი და მეტი ფულადი რესურსის მობილიზებას წყალტუბოს განვითარებისთვის.
„ეს საკმაოდ დიდი თანხაა და იმას ნიშნავს, რომ დღეს რაც გვაქვს საზრუნავი, ხელფასი იქნება ეს, პენსია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა თუ ა.შ., ამის ზევით აღებული ვალდებულება იყო და დღესდღეობით, ერთბაშად, ამის შესაძლებლობა სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არ გააჩნია“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ჩვეული ქმედებაა და ფონდი „ქართუ“ ისეთ პროექტებში ჩნდება, სადაც სახელმწიფოს რესურსულად შესვლის შესაძლებლობა არ ჰყოფნის, ხოლო კერძო ბიზნესს ეჩვენება, რომ მაღალი რისკია და შესაბამისად, უფრო დაბალი ინტერესი აქვს.
„არადა, პროექტები სახელმწიფოებრივად აუცილებელია და განსახორციელებელი. აქედან გამომდინარე, მან, გარკვეულწილად, გააკეთა ის, რასაც ჩვენ დღეს ვერ ვაკეთებთ და ალბათ, რამდენიმე წელი კიდევ ვერ გავაკეთებდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.