ნათია თურნავა - წყალტუბო საერთაშორისო კურორტის სტატუსს დაიბრუნებს, რაც დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სტიმულს მისცემს
წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად იქცევა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთს და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებული წესით მუშაობს გენგეგმის პროექტზე და უახლოეს თვეებში შესაძლებელი იქნება, ინვესტორებისთვის სანატორიუმების შეთავაზება, რათა ინვესტიციები განახორციელონ და მოქალაქეები დაასაქმონ.
„როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ გამოვყო ახალი ინიციატივა, მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც წყალტუბოში განხორციელდება და, რომელიც შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივის შედეგად. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში სულ მცირე, 8000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათი აღდგენის შედეგად დაახლოებით მილიონ ტურისტს მოვემსახურებით. საბოლოო ჯამში, რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთისა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ეკონომიკურ აღმავლობას მოასწავებს. ეს პროექტი იქნება ერთგვარი სინერგია სახელმწიფოს, ქველმოქმედსა და კერძო ბიზნესს შორის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში რამდენიმე ძირითად ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე, როგორიცაა: კურორტის განვითარების გენერალური გეგმის შექმნა, საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, ადგილზე მცხოვრები დევნილების ღირსეული განსახლება, კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, წყალტუბოს მარკეტინგის ხელშეწყობა და სამკურნალო წყლის მართვის უზრუნველყოფა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ საჯაროდ ეს პროცესი, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, ინვესტორებთან, არასამთავრობოებთან“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში.