ნათია თურნავა - წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება დაახლოებით ექვსი პროცენტით, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით
ნათია თურნავა - წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება დაახლოებით ექვსი პროცენტით, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით

წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება დაახლოებით ექვსი პროცენტით, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური აღდგენის და ზრდის წელი.

„ქვეყნდება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზი. სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი. წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება დაახლოებით 6 პროცენტით. ეს არის საკმაოდ მძიმე მაჩვენებელი, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. იცით, რომ გვქონდა სერიოზული გაჯანსაღება, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ და მეორე ტალღამ ძალიან საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ევროკავშირს.

საბოლოო ჯამში, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით. ეს არის ეპიდემიის ზეგავლენა. აქედან გამომდინარე, მთავრობის გეგმა, ზომიერი ნაბიჯები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, იყო აბსოლუტურად ადეკვატური.

თავადაც ხედავთ, რომ ეკონომიკაში ვითარება არცთუ ისე სახარბიელო გვაქვს, თუმცა გამომდინარე საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების პროგნოზებიდან, რაც შეეხება 2021 წლის გლობალურ ეკონომიკას, მეტი ოპტიმიზმის შესაძლებლობაა. ეს ყველაფერი ვაქცინაციის მოლოდინის ფონზე უფრო დადებითი გახდა. ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისა, რომ 2021 წელი იყოს ზრდის და ეკონომიკური აღდგენის წელი. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სხვა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონის ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას, 5 პროცენტზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა თურნავამ.