ნათია თურნავა - წალენჯიხელებს დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები და ამ დანაპირებს ვასრულებთ
ნათია თურნავა - წალენჯიხელებს დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები და ამ დანაპირებს ვასრულებთ

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი,მათ დავპირდი, რომ დავიწყებდით გაზიფიცირების სამუშაოებს დ ამ დანაპირებს ვასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავამ დღეს სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ თავად გააცნო მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესში დაგეგმილი სამუშაოების დეტალები.

პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური, ჯამში, აიგება 39675 მეტრი მაღალი წნევის მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 132 597 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი.

„მთავრობამ დაამტკიცა 3-წლიანი გეგმა და სულ რამდენიმე დღის წინ ეს სამუშაოებიც დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს, გათბობის სეზონის დადგმომამდე, ანუ ზაფხულის მიწურულს 3000-მდე წალენჯიხელს, ოჯახს სახლებში ბუნებრივი აირი ექნება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 – სამეგრელოშია.

„აქედან გამომდინარე ეს პრობლემა ჩვენს მიერ გადაწყვეტილია სწორედ ისე, როგორც მოსახლეობას დავპირდით“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.