ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოებს გაეცნობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვევა, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნობა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.
ორივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბურ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდება მაღალი წნევის 192 მეტრი სიგრძის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობაა 10 327.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირებისთვის აშენდება 86 მეტრი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. დამატებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 19 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობაა 8 969.
„2019-2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 – სამეგრელოშია. გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში 210 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა სამეგრელოში 120 000-ს გადააჭარბებს”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.