ნათია თურნავა - ვმუშაობთ რკინიგზასთან ერთად, როგორ გავხადოთ სამგზავრო გადაყვანები უფრო მიმზიდველი
ვმუშაობთ რკინიგზასთან ერთად, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში, თუ როგორ გავხადოთ სამგზავრო გადაყვანები უფრო მიმზიდველი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბევრ ქვეყანაშია პრობლემა და სამგზავრო გადაყვანები არის სუბსიდიის საგანი, საქართველოს მთავრობა ამის სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
„მივიჩნევთ, რომ მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში და კარგი, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში, ეს შესაძლებელია. აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს რკინიგზამ წელს მიაღწია ძალიან კარგ შედეგებს სატვირთო გადაზიდვებში. საკმაოდ გაზრდილია მომგებიანობა, გაზრდილია ფინანსური შემოსავლები, ნაკადები, მიმზიდველობა. ერთი მხრივ, კარგია ეს, რადგან ზოგადად რეგიონში და დერეფანში გაიზარდა ტვირთები, კონტეინერების გადაზიდვა გაიზარდა რეკორდულად, მაგრამ ასევე არ უნდა დავუკარგოთ რკინიგზას და მის ახლანდელ მენეჯმენტს ეს დამსახურება. მათ მოახერხეს და მაქსიმალურად გაზარდეს შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან. რაც შეეხება სამგზავროს, ეს ჯერ კიდევ გამოწვევაა და ერთად ვიმუშავებთ ამაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.