ნათია თურნავა - ვისურვებდი, კომიტეტზე მსჯელობა ნაკლები ემოციით და მეტად პროფესიონალური ყოფილიყო
მიმაჩნია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, თურნავას თქმით, მსგავსი შეხვედრები ნაკლები ემოციის ფონზე უნდა წარიმართოს და მეტი დრო დაეთმოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე მსჯელობას.
„დაისვა ბევრი მწვავე კითხვა. მიმაჩნია, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. სხვა საკითხია, თუ ვინმეს ჩემი პასუხები არ მოეწონა და სხვა რამეს ელოდა. ვისურვებდი, ნაკლები ემოციებით გაიმართოს ასეთი მსჯელობა, მეტად პროფესიონალური იყოს და უფრო მეტი დრო დაგვეთმო კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტებისთვის, რადგან ეს ჩემი პირველი სტუმრობა იყო დარგობრივ კომიტეტში და სურვილი მქონდა, გამეცნო დეპუტატებისთვის, რას ვაკეთებთ სიღარიბის დაძლევის კუთხით, ინვესტორებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის განმტკიცების მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, კომიტეტზე ერთ-ერთი მთავარი თემა ანაკლიის პორტის პროექტი და ფოთის პორტი იყო.
„სახელმწიფო არ დაუშვებს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ანაკლიის პორტს, ანაკლია არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პორტი განვითარდეს და შედგეს. ნებისმიერი სხვა პროექტი უნდა იყოს განხილული, მაგრამ მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში. რთული საკითხებია ფოთი, ანაკლია. იყო განსხვავებული აზრები დარბაზში, მათ შორის ოპოზიციის შიგნითაც, მაგრამ მთავარია, ხელისუფლება ვამბობთ, რომ ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტი, რასაც შევინარჩუნებთ სხვა პროექტებთან მიმართებაში“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, უწყება დეტალურად შეისწავლის ფოთის პორტთან დაკავშირებით წარდგენილ ბიზნესგეგმას.
„ძალიან დეტალურად გავეცნობი „ეიფიემ ტერმინალის“ ბიზნესგეგმას, შევხვდები ინვესტორებს, მაგრამ ანაკლიის პრიორიტეტი შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.