ნათია თურნავა - ვინაიდან ბანკის დაფინანსება უფრო გაძვირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩვენი სუბსიდირების წილს გავზრდით
ნათია თურნავა - ვინაიდან ბანკის დაფინანსება უფრო გაძვირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩვენი სუბსიდირების წილს გავზრდით

საკრედიტო-საგარანტიო სქემა არის გზა, რომ  ბანკს ბიზნესის ნაცვლად უზრუნველყოფა სახელმწიფომ წარუდგინოს, 90 პროცენტში შევა ახალი სესხების ნაწილში და 30 პროცენტში უკვე არსებული სესხების ნაწილში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სახელმწიფოს გარანტია იქნება და ბიზნესს არ დასჭირდება მისი მოტანა.

ეკონომიკის მინისტრმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სხვა სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც სესხების სუბსიდირებას ეხება.

„რაც შეეხება „აწარმოე საქართველოში“ დანარჩენ პროგრამებს,  აქამდეც ვასუბსიდირებდით ბანკის პროცენტს, საკმაოდ დიდი ოდენობით, მაგრამ ახლა, ვინაიდან ბანკის სესხები, ბანკის დაფინანსება უფრო გაძვირდება, პროცენტი აიწევს და ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, ჩვენ ჩვენი სუბსიდირების წილსაც ავწევთ, გავზრდით იმდაგვარად, რომ მივუახლოვდეთ საბაზრო საბანკო პროცენტს, აქამდე იყო 7 პროცენტი და ახლა ეს გაიზრდება, დეტალებს გამოვაქვეყნებთ ამ დღეებში. ასევე, ჩვენ ვაფართოებთ მოცვას და აქამდე თუ მინიმალური სესხი, რომელსაც ვემსახურებოდით იყო 150 ათასი ლარი, ახლა იქნება 50 ათასი ლარი, ანუ უფრო მცირე სესხებით ისარგებლებენ და მაქსიმალური ზღვარია 5 მლნ ლარის სესხი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან მისი თქმით, დახმარების პერიოდში დროშიც გახანგრძლივდება.

„აქამდე ჩვენ ორი წელი ვასუბსიდირებდით პროცენტებს, ახლა ეს იქნება სამი წელი ანუ 36 თვე. ველოდებით, რომ ბანკებიც თვითონ გაახანგრძლივებენ სესხებს, რესტრუქტურიზაციას გააკეთებენ. ეს არის ერთ-ერთი გზა, გაჯანსაღდეს საკრედიტო პორტფელი და ჩვენც უფრო ხანგრძლივად, უკვე სამი წელი დავეხმარებით ბიზნესს სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. გარდა ამისა, აქამდე გვქონდა უფრო შეზღუდული დარგების მოცულობა, რადგან ბევრი დარგი უჩვენოდაც კარგად ვითარდებოდა, ახლა ამ შეზღუდვებს მოვხსნით და რაც შეიძლება მეტ დარგს დავეხმარებით ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურანავამ.