ნათია თურნავა - ვეცდებით, ონლაინსერვისების კომპანიები შემოწმების კუთხით მაქსიმალურად ახლო პრიორიტეტში გადმოვიტანოთ
მაქსიმალურად ვეცდებით, ონლაინკომპანიები, ონლაინგაყიდვების სერვისები შემოწმების კუთხით პრიორიტეტში გადმოვიტანოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა კითხვაზე, ონლაინ გაყიდვებით დაკავებულ კომპანიებს როდის მიეცემათ საქმიანობის განახლების უფლება.
მინისტრის თქმით, ონლაინგაყიდვების მიმართაც იგივე მიდგომა იქნება, რაც ყველა სხვა შემთხვევაში არსებობს.
„ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ კონკრეტული საწარმოებისა და კომპანიების შემოწმების გზით. აქედან გამომდინარე ონლაინ გაყიდვების მიმართაც იგივე მიდგომა იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. შევამოწმებთ კონკრეტულ კომპანიებს და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომპანიის შესატყვისობის შესახებ, როგორ ასრულებს ის დადგენილ წესებს და არა მთლიანად დარგი, რადგან ნებისმიერ დარგში შეიძლება, იყოს წარმატებული, ამ თვალსაზრისით ადაპტირებული კომპანიები და ასევე იყოს ისეთი კომპანიები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები. ამიტომ ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად, ონლაინკომპანიები ონლაინგაყიდვების სერვისები პრიორიტეტში ამოვიტანოთ. ერთი შეხედვით ყველაფერი პრიორიტეტია, მაგრამ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე მართლაც 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და მაინც გვიწევს დროში გაწერა ამ პროცესის. ვეცდებით, რომ ონლაინსერვისების კომპანიები მაქსიმალურად ახლო პრიორიტეტში გადმოვიტანოთ შემოწმებებში და კონკრეტულად თითოეული კომპანიის გადამოწმების შედეგად მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, მოცემულ ეტაპზე მიდგომა ასეთია.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც კი ამა თუ იმ დარგში, იგივე ონლაინგაყიდვების სფეროში გაჩნდება უკვე ისეთი კომპანიები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შემოწმებას, ჩვენ ამის შესახებ ყოველთვის მოვუყვებით საზოგადოებას და ეს ფაქტები გახდება საჯარო, ეს დადებითი პრაქტიკა მაშინვე იქნება გადაღებული და განვრცობილი სხვა კომპანიებზეც. ყოველთვის აღვნიშნავთ ვინ არიან ამა თუ იმ დარგში ადაპტირების თვალსაზრისით წარმატებული კომპანიები და რა მიდგომები დაამკვიდრეს მათ, რომ სხვა კომპანიებმაც შეძლონ, მიბაძონ და გადაიღონ პრაქტიკა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.