ნათია თურნავა - ვალდებულებების შესრულებაზე ზრუნვის ნაცვლად, ანაკლიის ინვესტორი და მათთან ასოცირებული პოლიტიკოსები აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობენ
ნაცვლად იმისა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორი და მათთან ასოცირებული პოლიტიკოსები ცდილობდნენ, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები, ადგილი აქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, „პროგრეს ბანკის“ შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტირებისას.
მინისტრი მოუწოდებს კონსორციუმს, პორტის მშენებლობის დროულად დაწყებაზე იზრუნონ.
„ჩვენ მოვისმინეთ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის ამომწურავი განმარტება. როგორც ჩანს, ისევ თითიდან გამოწოვილი თემა არის. ისევ და ისევ ადგილი აქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას, ნაცვლად იმისა, რომ ინვესტორი და მათთან ასოცირებული პოლიტიკოსები რამენაირად ცდილობდნენ, რომ წლის ბოლომდე შეასრულონ ანაკლიის პორტში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, იზრუნონ, ანაკლიის პროექტი დროულად გაეშვას, დროულად დაიწყოს მშენებლობა და დაანებონ თავი საკითხის პოლიტიზებასა და ყურადღების სხვა ჭრილში გადატანას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.