ნათია თურნავა - უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ, უნგრეთის „ექსიმ ბანკში“ საკრედიტო ხაზია გამოყოფილი
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი პრაქტიკულად პირველი მაღალი რანგის ვიზიტია საქართველოში საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ, ეს სიმბოლურია, რადგან უნგრეთი ჩვენი მოკავშირე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ინვესტიციების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ორივე მინისტრმა ერთნაირი ხედვა დააფიქსირა.
„უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს დივერსიფიკაცია სურთ. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკ „ექსიმ ბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.