ნათია თურნავა - ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ძირითადი კითხვები, რაც დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან ან უსაფრთხოებასთან, მოხსნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„ვეპატიჟებით მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, როდესაც ეს ეხება ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარებას და უცხოურ ინვესტიციებს. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, მაგრამ არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა, რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა კითხვები დარჩათ მათ კიდევ, მას შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ყველა კვლევა გაიხსნა და ამ თემაზე ვისაუბრებთ, მაგრამ თუ უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას“, – განაცხადა თურნავამ.