ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში
ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და მიაჩნია, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საკმაოდ სოლიდურ კვლევებზე.
„დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით – ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.