ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა და „ნახავანჰესის“ საკითხზე შეხვედრა გაიმართება
მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და საკუთარი, ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახავანჰესის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ეწვევა აუცილებლად საქართველოს, ჩაერთვება მედიაციის პროცესში, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგი შედგეს.
„ევროკავშირის მედიაცია, კერძოდ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარის მეშვეობით ორგანიზებული მედიაცია, მიმდინარე პროცესია. აქამდე მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს უკავშირდება მედიატორი და არკვევს ვითარებას, შემდეგ ჩამობრძანდება უახლოეს დღეებში საქართველოში და უკვე მოხდება პირველი შეხვედრა. მედიაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ერთ მაგიდასთან მოიყრის თავს და მოხდება მოსაზრებებისა და პრობლემების გაცვლა.
ჭეშმარიტება აუცილებლად დაიბადება, ამაში დარწმუნებული ვარ. ევროკავშირი ამ შემთხვევაში დამხმარეს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მთავარია, ჩვენ და ის მოსახლეობა, ვინც აპროტესტებს პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც აქვს შეკითხვები, ის ენერგეტიკული კომპანიები, ვისაც ასევე აქვს შეკითხვები და პრობლემები, ერთად დავსხდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ჩვენი ქართული ენერგეტიკის ხვალინდელზე და აქ აუცილებლად შევთანხმდებით.
იმედი გვაქვს, დიალოგი შედგება. სწორედ ამისთვის მოვიწვიეთ ევროკავშირის მედიაციის მექანიზნი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ეწვევა აუცილებლად საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ამ მედიაციის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ერთად დავსხდებით ერთი მაგიდის ირგვლივ და განვიხილავთ ყველა საჭირბოროტო საკითხს, მათ შორის, ამ პროექტთან დაკავშირებით. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი შედგება ისე, რომ დაცული იყოს ყველა მხარის ინტერესები. მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და ჩვენი საკუთარი ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.