ნათია თურნავა - თვითონ მოსახლეობამ თუ არ ითანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა, ძალიან რთული იქნება ასეთი ფაქტების პრევენცია
თვითონ მოსახლეობამ თუ არ ითანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა, ძალიან რთული იქნება ასეთი ფაქტების პრევენცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებულებს, მათ შორის მისი უწყების თანამშრომელს, სოსოს ჯავახიშვილს მოინახულებს.
„ძალიან სამწუხარო შემთხვევა არის და ახლა ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა, მათი მდგომარეობა. ახლა პირველ რიგში მინდა, სოსო ჯავახიშვილი და მისი ახლობლები მოვინახულო. ასევე, როგორც ვიცი სხვა დაზარალებულების დიდი ნაწილი გაწერილია საბედნიეროდ, მაგრამ ერთი დაშავებული რჩება სტაციონარში სამწუხაროდ და მასაც მოვინახულებ“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, გაზგამანაწილებელი კომპანიები შემოწმებას გეგმურად ატარებენ ქალაქებსა და სოფლებში, რათა და ხდება იმ გაზის მოწყობილობების ჩაჭრა, რომელიც წესების გარეშეა დამონტაჟებული.
მინისტრი მოსახლეობას მიმართავს და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„თვითონ მოსახლეობა თუ არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა, ძალიან რთული იქნება ასეთი ფაქტების პრევენცია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს – დადგა უკვე გათბობის სეზონი და მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ ნება გაზგამანაწილებელ კომპანიებს შემოვიდნენ, შეამოწმონ ეს მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამორთვა და მიიღეს რეკომენდაცია, არ მიაერთონ თვითნებურად. აქ საუბარია თითოეულის ჯანმრთელობაზე, თითოეულის სიცოცხლეზე და არ უნდა შეუქმნან არც თავიანთ სიცოცხლეს საფრთხე, არც თავიანთი მეზობლების სიცოცხლეს საფრთხე“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, სავალდებულო წესით ხდება დეტექტორების დამონტაჟება, რომელიც შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს ასევე ძველ შენობებს.
„ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორები, რომელიც შეგვატყობინებს თუ იქნება ზედმეტი გაზის რაოდენობა ჰაერში და დაგვიცავს“, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სოსო ჯავახიშვილმა, რომელიც აფეთქების შედეგად დაშავდა, „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებს არ გაუღო კარი, მინისტრი ამბობს, რომ „ეს შემთხვევაც არის იმის მაგალითი, თუ რაოდენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი“.
„ამ წუთში გამიჭირდება კონკრეტიკის თქმა, არის შექმნილი კონკრეტული ჯგუფი და „თბილის ენერჯი“ გააკეთებს ამაზე განცხადებას. ეს შემთხვევაც არის იმის მაგალითი, თუ რაოდენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი, კარიც უნდა გავუღოთ, პირიქით აქეთ უნდა მოვიწვიოთ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე გაზგამანაწილებელი კომპანიები, რადგან ამ შემთხვევაში ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები. ეს შემოწმება ჩვენ თვითონ გვიცავს. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ ამისკენ“, -განაცხადა თურნავამ.