ნათია თურნავა - თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება
ნათია თურნავა - თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება

დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან – ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის, ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, იგივე მაგალითს მიბაძონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის “ ფარგლებში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუშეთს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტუმრობს. მათ კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობენ კამპანიის ფარგლებში მიმდინარე გასტროტურში.

„ჩვენ ვმოგზაურობთ, რათა საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, აღმოაჩინონ ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, რითიც ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ, ნახონ განუმეორებებლი ბუნება, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. გარდა იმისა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, არის ძალიან კარგი და პატრიოტული საქმე – დავეხმაროთ ადგილობრივ ტურიზმს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.