ნათია თურნავა - თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით ნაბიჯები გადავდგით
ნათია თურნავა - თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიზნით ნაბიჯები გადავდგით

თურქ კოლეგებთან ერთად დღეს ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანკარაში განაცხადა, საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგებზე საუბრისას.

მისი თქმით, თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ასევე ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია.

„თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა თურქეთის დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მინისტრი საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის თანათავმჯდომარე იყო და სხდომაზე მოხსენებით წარდგა. საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი – შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა.

„სხდომა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც შედგა გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის შეხვედრის პროცესში. პრაქტიკულად, ორ კვირაში შევძელით ჩვენ და ჩვენმა თურქმა კოლეგებმა და შევიკრიბეთ, რათა გაგვევლო ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღესვე, ხელი მოეწერა შერეული კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც საქართველოსა და თურქეთს შორის მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებაზეა საუბარი. ნათია თურნავა აღნიშნულ საკითხებს შორის ორმხრივი ვაჭრობის თემას გამოყოფს.

„მართალია, დღეს თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიდან იმპორტი შვიდჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს თურქულ ბაზარზე. დღეს ჩვენ მივიღეთ დასტური და გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ. ეს შეეხება როგორც ტარიფებს, ასევე არასატარიფო ბარიერებს. ასევე შეეხება ცხოველური წარმოშობის ნაწარმს, ჩვენ სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, რომელიც შესაძლებელი გახდება, მალე ვიხილოთ თურქულ ბაზარზე. გარდა ამისა, საუბარი არის ტექსტილის ინდუსტრიისთვის თურქეთთან ვაჭრობის გამარტივებაზე, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, უკეთ იყოს წარმოდგენილი მათ შორის მესამე ქვეყნების – ევროკავშირის ბაზარზე“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.