ნათია თურნავა - თურქეთთან დადებული შეთანხმება არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს
თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ჩვენ და ჩვენი გარკვეული ბიზნესები ოთხი წელია, ველოდებოდით, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იყოს შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვანია ისეთი დარგებისთვის, რომლებიც სამრეწველო წარმოებისთვის თურქეთიდან შემოსულ ნედლეულს იყენებენ. საუბარია არასასურსათო წარმოებაზე, როგორიცაა ტექსტილი, სამკერვალო ინდუსტრია, ავეჯის, პლატმასისა და საშენი მასალების წარმოება და სხვა“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ტექსტილის მიმართულებით დაახლოებით 80 მლნ დოლარით მეტი პროდუქცია, რომელიც ნაწარმოები იქნება თურქული ნედლეულით, შეიძლება, გავიდეს ევროკავშირში და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.
მინისტრის განცხადებით, „შეთანხმების რატიფიკაცია განსაკუთრებით გაუხარდა სამკერვალო ინდუსტრიას, რომელიც საქართველოში ბევრ ადამიანს ასაქმებს“.
„ეს არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს. დარჩენილია მცირეოდენი ფორმალობა და აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდება“, – განაცხადა თურნავამ.