ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორს ავუხსენით ის ლოგიკა, რომლითაც ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებები მიიღება
ტურიზმის სექტორს ავუხსენით ის ლოგიკა, რომლითაც ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებები მიიღება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესისთვის გასაგებია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ერთ-ერთი გამჭვირვალე კრიტერიუმი ე.წ. დადებითობის მაჩვენებელია.
„შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურიზმის ინდუსტრიისთვის – რესტორნებისთვის, ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის ის ლოგიკა, რომლითაც საკოორდინაციო საბჭოზე ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების და ამოქმედების გრაფიკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება. ძალიან ღირებულია, რომ ამ შეხვედრას გარდა ეკონომიკური გუნდისა, ესწრებოდა ბატონი ამირან გამყრელიძე და ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე, მათ კონკრეტული კრიტერიუმები დაასახელეს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ე.წ დადებითობის მაჩვენებელი, რაც გამჭვირვალე და გასაგებია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
ასევე, ვისაუბრეთ შემსუბუქებაზე, რაც ახლა უკვე სახეზეა აჭარაში, როგორც ე.წ. მწვანე რეგიონში. იცით, რომ აქ პირველი თებერვლიდან ღია სივრცეებში რესტორნები იწყებენ ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები, ცოტა ხანში გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები. ეს არის უკვე საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები.
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი იკლებს, არ არის დაძლეული პანდემია და პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანა მიმართავს შეზღუდვების დაწესებას. ამიტომ გარანტია ჯერ არ არსებობს. ჩვენ მივდივართ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით. რაც მთავარია, ბიზნესს ლოგიკა ავუხსენით. ძალიან კარგად გვესმის ჩვენ, რომ ეს ლოგიკა კი გასაგებია, მაგრამ შესაძლოა, ცალკეულ საოჯახო სასტუმროს ბაკურიანში ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც გასაჭირში არიან, სეზონი იკარგება და ვერ მასპინძლობენ სრულფასოვნად სტუმრებს, მაგრამ ისეც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა ჩვენი ნება-სურვილი არ არის“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, შემსუბუქება თანდათან, ეპიდსიტუაციის მონიტორინგის შესაბამისად განხორციელდება.
„ყოველი კვირის თავზე ისევ მოხდება მონიტორინგი, ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორი იყო ამა თუ იმ რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგების გახსნაც.
იცით, რომ მთლიანობაში ეკონომიკა გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და არც გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარი არის იმ სფეროებზე, რომლებიც ზოგადად მსოფლიოშიც არის მიჩნეული, რომ მაღალი რისკის მატარებელია და იმათაც ახლაც ვხსნით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.