ნათია თურნავა - ტურისტულ ინდუსტრიას სრულად ეპატიება 2020 წლის ქონების გადასახადი, რადგან ეს არის ინდუსტრია, რომელიც პირველი დაზარალდა
ნათია თურნავა - ტურისტულ ინდუსტრიას სრულად ეპატიება 2020 წლის ქონების გადასახადი, რადგან ეს არის ინდუსტრია, რომელიც პირველი დაზარალდა

როგორი სპეციფიკური ვითარებაც შეიქმნა ტურისტული ინდუსტრიის ირგვლივ, ასეთივე სპეციფიკური გეგმა იქნა შეთავაზებული ამ ინდუსტრიის მიმართ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„ტურისტულ ინდუსტრიას სრულად ეპატიება 2020 წლის ქონების გადასახადი. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ინდუსტრია არის ის ინდუსტრია, რომელიც პირველი დაზარალდა. მანამ, სანამ საგანგებო ვითარებას გამოვაცხადებდით, ტურისტული ინდუსტრია უკვე გაჩერებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ კავშირები გაწყდა და ქვეყნები ჩაიკეტა. ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საქართველო საკუთარ თავს იცავდა და ტურისტული ბიზნესი მთლიანობაში შეწყდა. ამიტომ, როგორი სპეციფიკური ვითარებაც შეიქმნა ტურისტული ინდუსტრიის ირგვლივ, ასეთივე სპეციფიკური გეგმა იქნა შეთავაზებული ამ ინდუსტრიის მიმართ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ მოწონებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად დაუდგება გვერდით ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სექტორი ძალიან მალე ამოიქოქოს და ქართულ ეკონომიკაში ისეთივე საკმაოდ სოლიდური შემოსავლის და ბევრი სამუშაო ადგილის შემტანი იყოს, როგორც აქამდე იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ტურისტული ინდუსტრია არ არის ერთადერთი სექტორი, რომელსაც ხელისუფლება სპეციფიკურ გეგმას შესთავაზებს.

„ამ დღეებში იქნება იგივე სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციფიკური დახმარების გეგმის პრეზენტაცია და ალბათ, არავის გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ ვეხმარებით განსხვავებულად სოფლის მეურნეობას, როგორც ერთ-ერთ დიდ დამსაქმებელ ინდუსტრიას. აქაც ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება. იმიტომ, რომ მეტი აქცენტი გაკეთდება საკუთარ წარმოებაზე. მათ შორის, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზეც“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ვითარებამ დაგვანახა, რომ დგება მომენტი, როდესაც ქვეყანა საკუთარ ძალებზე უნდა იყოს დაყრდნობილი და საქართველოს ამის პოტენციალი აქვს.