ნათია თურნავა - „თრეის ინთერნეიშენალის“ ინდექსის ბოლო შეფასება აღიარებს, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია
საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია და სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია „თრეის ინთერნეიშენალის“ ბოლო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპაში კლავინდებურად ტოპ ოცეულშია თავისუფლების ხარისხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გავლენიანი ორგანიზაცია „თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებული კორუფციის რისკის ინდექსის კომენტირებისას განაცხადა.
ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-18 პოზიციას იკავებს.
ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის რეკეტის რისკისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეფასებაში არის „ხელისუფლების კორუფციაში ჩაურთველობა“ და ამ თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მეათე, ევროპაში კი მეექვსე ადგილზეა.
„ეს გავლენიანი შეფასება აღიარებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ევროპისა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან შედარებით. ამის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია ის გაზრდილი ნდობა, რასაც ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ იჩენს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმითვე, ეს ნდობა აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 2019 წლის წინასწარი მონაცემით, 5,2 პროცენტი შეადგინა, ეს აისახება ბიზნესის გაზრდილ აქტივობაში პრივატიზაციის, სხვადასხვა სახის ლიცენზიების მიმართ.
„ის, რომ ჩვენ, იგივე გამჭვირვალობის ხარისხით, სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი თუ სხვა ქვეყნები, სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ევროპული კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, იწყებენ აქ ახალ ბიზნესებსა და ახალ პროექტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.