ნათია თურნავა ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის“ წარმოებას გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის“ წარმოებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში USB – კაბელების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა.
„აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, პანდემიის მიუხედავად, შეძლო პროდუქცია, „ამაზონის“ მეშვეობით, აშშ-ში გაეტანა, ასევე პირველ პარტიას უახლოეს პერიოდში გაგზავნის ნიგერიაში. მინისტრმა დაათვალიერა პროდუქციის წარმოების სრული ციკლი, რომელიც ასევე ითვალისწინებს მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამუშავებას. კომპანიამ უარი თქვა ამ მასალის იმპორტირებაზე და თანამშრომლობს რიგით მოქალაქეებთან, რომელთაგან იბარებს პლატმასის ბოთლების სახურავებს მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„სტარტაპი „ჯინვენტორი“ რამდენიმე გარემოების გამოა საინტერესო. ჯერ ერთი, ის აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომელიც აქამდე საქართველოში არ მზადდებოდა და ამით ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში უკვე შევიდა მსხვილ ჩინურ მწარმოებლებთან. კომპანია ასევე მუშაობს საექსპორტო ბაზრებზე. ამავე დროს, რაც დამატებით ღირსებას მატებს ამ წარმოებას, ესაა კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბიზნეს კონცეფცია – ისინი მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იბარებენ მოსახლეობიდან ნედლეულის სახით და იმას გადაამუშავებენ, რაც ძალიან მისასალმებელია,“ – განაცხადა მინისტრმა წარმოების დათვალიერების შემდეგ.
მინისტრთან ერთად, სტარტაპ „ჯინვენტორში“ იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.