ნათია თურნავა - თებერვლის ბოლოს ბაკურიანში საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებში, 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება
თებერვლის ბოლოს ბაკურიანში საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებში, 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიება პროტოკოლისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში, ზამთრის ამ ოთხი ძირითადი კურორტის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწია, მაგრამ ხვალიდან ოთხივე ლოკაციაზე გაიხსნება სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას, რომელიც ბაკურიანში არის თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, თავისუფალ სტილში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი – სქიქროსი და სნოუბორდ კროსი, ანუ თხილამურის და სნოუბორდის სახეობები. 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება პროტოკოლის და უსაფრთხების ყველა წესის დაცვით. 8 მარტს ამას მოჰყვება საბაგიროების გახსნაც.
ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მთლიანობაში სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს, რაც ზამთრის კურორტებს შეექმნათ ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აუცილებელი შეზღუდვების გამო, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვინც ცხოვრობს გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში და ამ სფეროში არის დასაქმებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.