ნათია თურნავა - თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში კულტურის სფეროს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში კულტურის სფეროს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს იმსჯელა უწყებათაშორისმა საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, მუსიკოსებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა როგორც სხვადასხვა სასტუმროში, ასევე რესტორნებში. დღესდღეობით ჩვენი კულტურის მოღვაწეები მოკლებული არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, იცით, რომ არ ფუნქციონირებს რესტორნები. ჩვენ ასევე მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საკონცერტო ღონისძიებების გამართვა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რათა თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში კულტურის სფეროს რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, მუსიკოსები ჩართოს, რომლებიც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან. იცით, რომ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით. ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება კულტურის ძალიან ბევრ მოღვაწეს ამ რთულ ვითარებაში, ვინც დაზარალდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.