ნათია თურნავა - სტარტაპები, ინოვაციები ჩვენი მომავალია და დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ ეკოსისტემას
საქართველო მდიდარია ნიჭიერი და კრეატიული ადამიანებით, სტარტაპები, ინოვაციები არის ჩვენი მომავალი და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ ეკოსისტემას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ქართული სტარტაპებისთვის გამართულ „დემო-დღეზე“ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნესსაქსელერატორის – 500 Startups-ის მიერ შერჩეული სტარტაპებიდან ორი გამარჯვებული – CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი) და Cargon (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა) გამოვლინდა, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე „სილიკონის ველიზე“ (Silicon Valley) გაემგზავრებიან და 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
„მთავრობის მხარდაჭერით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ჩამოიყვანა მსოფლიოს ტოპ-სამეულში შესული 500 Startups – ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი აქსელერატორი, რომელიც ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა და სწორედ სტარტაპებში დებს ფულს. დღეს შედგა უპრეცედენტო დღე თბილისისთვის – პირველი „დემო-დღე“ ქართველი სტარტაპებისთვის, რომლებიც შეირჩნენ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში, მთელი მსოფლიოს, მათ შორის ამერიკელი ინვესტორებისთვის მოეხსენებინათ საკუთარი ბიზნესიდეების შესახებ. თითოეულმა მათგანმა ძალიან მოკლე დროში, ორ წუთში შეძლო წარმოეჩინა თავისი იდეა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა ინვესტორების მხრიდან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, მთავრობის მხარდაჭერით გამართულმა მთელმა პროცესმა, რაც გულისხმობს სტარტაპების ტრენინგსა და შერჩევას, უკვე გამოიღო პირველი შედეგი და მათ, პრაქტიკულად, ერთ ჩადებულ დოლარზე უკვე მოიზიდეს ათჯერ მეტი ინვესტიცია – ეს არის ოთხი მილიონი დოლარი, რომელიც იქნა მოზიდული ქართული სტარტაპების მიერ მხოლოდ და მხოლოდ ამ შერჩევის პროცესში.
„მათ წინ აქვთ კიდევ ვიზიტი „სილიკონ ველიზე“ და ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერას“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაკუთრებულ შეღავათიან რეჟიმს გულისხმობს სწორედ აიტი კომპანიებისთვის, რომლებიც არიან კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამირებით დაკავებულნი.
„ჩვენ მათ შევთავაზეთ საშემოსავლო და მოგების ძალიან დაბალი – ხუთპროცენტიანი გადასახადი და პირველივე გამოხმაურება იყო ის, რომ ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანია ,ეპამი“ ხსნის საქართველოში ოფისს – უკვე გადმოიყვანა თავისი თანამშრომლები და მომავალში დაასაქმებს საქართველოს ათასამდე მოქალაქეს. ეს არის ჩვენი ეკონომკური სტრატეგიის ერთ-ერთი დიდი მიმართულება, რომელიც უფრო მეტ ახალ ცოდნას, ახალ ტექნოლოგიებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მეტ დასაქმებულსაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.