ნათია თურნავა - სოციალური პოლიტიკის რეფორმა გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას, შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას და დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას
სოციალური პოლიტიკის რეფორმა გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება საკმაოდ მასშტაბური რეფორმა, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვას და საჯარო დასაქმების პროგრამების შეთავაზებას.
„ეს იქნება, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების რესოციალიზაცია, ვინც წლების განმავლობაში მინდობილია მხოლოდ სოციალურ დახმარებას, არადა შესწევს უნარი, ღირსეულად ჩადგეს სამსახურში და თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი. ამავდროულად, ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უფრო მეტი საჯარო პროგრამა უნდა განხორციელდეს და მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე. აქ ჩვენ ეს ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ. ერთი მხრივ, რომ გვაქვს მეტი პროგრამა, სადაც ადამიანები უნდა დასაქმდნენ და შესაძლებელია, დასაქმდნენ, რაც არ საჭიროებს ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებულ უნარებს. მეორე მხრივ, გვყავს არმია, დაახლოებით 200 000 ადამიანი, მაგრამ ახლა ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამის ხელახლა გადამოწმება, ვინც არის სტატუსით სოციალურად დაუცველი, მაგრამ ამავდროულად შეუძლია და სურვილიც აქვს, რომ ჩაერთოს შრომით საქმიანობაში. ეს ახალი პროგრამა, რომლის ყველა დეტალი ცოტა ხანში გახდება ცნობილი და რომლის გუნდსაც სათავეში უდგას ლევან დავითაშვილი, სწორედ ამ ორი მოცემულობის გაერთიანებას მოგვცემს. რა თქმა უნდა, გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესებას. ღირსეული შრომა მხოლოდ სოციალური დახმარების ნაცვლად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა შექმნან ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.