ნათია თურნავა - სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაციაა, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება მნიშვნელოვანია და მიმართულია იმ ოჯახებისადმი, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
მისივე თქმით, ენერგეტიკის დარგში სოციალური პოლიტიკა, კონკრეტულად კი ტარიფების სუბსიდირება უფრო მიზნობრივი გახდა.
„მთავრობის გადაწყვეტილება, 2022 წლის განმავლობაში, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა) ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ არის სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს მთავარი გამოწვევაა ინფლაცია, ფასების ზრდა. სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეს რეალურად ესაჭიროებათ და ყველაზე მეტად წაადგებათ.
მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში, კოვიდპანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება. 2020-ში და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა ეს სუბსიდია ყოველთვის იყო მიბმული მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც საბოლოო ჯამში, განპირობებული იყო, ასე ვთქვათ, რთული ეკონომიკური ვითარებით. იყო პანდემიის პიკი, ახალდაწყებული კოვიდპანდემია და რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა გამართლებული იყო, მაგრამ ზოგადი ხედვაა, რომ ასეთი სუბსიდია უნდა იყოს მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ყველაზე მეტად წაადგება.
აქედან გამომდინარე, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან ამ შემთხვევაში, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, რადგან სხვადასხვა კომუნალური ხარჯი ერთნაირად უსუბსირდებოდათ როგორც შეძლებულ, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომ, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი და მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი გამოწვევა – ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის ინფლაციური პროცესების შესამსუბუქებლად, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დასუბსიდირდება. კერძოდ, სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის ძველსა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას. მიმდინარე წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. სუბსიდიის ახალი პროგრამის შესაბამისად, მიზნობრივ ჯგუფებს დაუსუბსიდირდებათ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია.