ნათია თურნავა - შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას „პისიარ“ ტესტით შეძლებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას „პისიარ“ ტესტით შეძლებენ.
„ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს – ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფრენებს, სადაც შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ რა რეჟიმით შემოდიან ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ „პისიარ“ ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები – თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შუა აზიის რეგიონის ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა საჰაერო სატრანსპორტო გზით მხოლოდ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით წარმოდგენით იქნება შესაძლებელი. მათ საქართველოს საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს ასევე უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით „პისიარ“ კვლევის ჩატარება.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.
„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.