ნათია თურნავა - შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას
შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, აიაფებს ტვირთს და ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში გახდა საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი.
„ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან. ამ პერიოდიდან დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული. ეს არის სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს როლს, საქართველოს ფუნქციას ამ სტრატეგიულ დერეფანში, როგორც უმოკლეს გზას ევროპიდან აზიამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ამჯერად, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს გავლით და კონკრეტულად ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ხდება ტვირთების გადაზიდვა არა ჩინური ექსპორტის, არამედ ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთების. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მარშრუტით ჩინეთი მიიღებს საიმპორტო ტვირთს. ეს არის თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კონტეინერები, რომელიც მიემართება ჩინეთისკენ. ჩვენთვის რითი არის ეს მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში გახდა ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი. ძალიან ბევრი საქონელი გადის საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საქონელი – ეს არის ქართული ღვინო, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და აქამდე ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობდა. შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ სწორედ ამ რკინიგზის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, აიაფებს ამ ტვირთს და ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.
ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იქეთკენ, რომ საქართველომ განამტკიცოს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, საქართველო საექსპორტო ქვეყნად ყალიბდება.
„ჩვენი ქვეყანა იღებს ორი სახის სარგებელს. ერთი, ეს არის ტრანზიტი, რადგან სატრანზიტო ტვირთი როდესაც გადის, საქართველოს თავისი გარკვეული გადასახდელებიც აქვს, გარდა ამისა გარკვეული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, სასაწყობე, სამაცივრე, გადასატვირთი – ეს ყველაფერი ჩვენთან ვითარდება. ამაში შედის ჩვენი პორტები, ამაში შედის ჩვენი რკინიგზა, შესაბამისი დასაქმება ჩნდება. მეორე არის უკვე საქართველოში წარმოებული ტვირთების ექსპორტის მიწოდება და ამ მარშრუტების განვითარება. ჩვენ ვყალიბდებით, როგორც ძალიან აქტიური საექსპორტო ქვეყანა. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი, ეს არის ჩვენი ქართული ექსპორტი.
ქართული წარმოების საქონლის ექსპორტი ორნიშნა ზრდას აჩვენებს წინა წელთან შედარებით და უნდა ვთქვათ, რომ 2019 წელი იყო რეკორდული ექსპორტის თვალსაზრისით. წელს გვაქვს კოვიდი, მიუხედავად ამისა, ორნიშნა ზრდა გვაქვს ქართული წარმოების ექსპორტში და რაც უფრო მარტივი იქნება გატანა ამ ექსპორტის სხვა ბაზრებზე, მით უფრო მეტად კონკურენტუნარიანები ვიქნებით ჩვენ“, – განაცხადა თურნავამ.