ნათია თურნავა - შატილში რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას განვახორციელებთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ხევსურეთს ეწვია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა შატილში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის სოფელ შატილთან 200 კვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის – ბიტეხი 1 ჰესის მშენებლობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა შატილელებთან შეხვედრისას, სოფელთან მიკროჰესის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს რეგიონის განვითარების საქმეში, მათ შორის ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის მიმართულებით.
„შატილი ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ აქ ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მათ შორის მიკროჰესის მშენებლობის პროექტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჰესი ნოემბრისთვის ჩართული იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება შატილში მიმდინარე სხვა პროექტებს, მათ შორის აღსანიშნავია სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება – უკვე სამ კვირაში შატილში ხარისხიანი ინტერნეტი იქნება.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, მიკროჰესის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება ელექტროენერგიის მიწოდების კარგი საშუალებაა იმ რეგიონებისთვის, სადაც ენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეუძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შატილის მოსახლეობას ასევე შეხვდნენ ჰესის მშენებელი კომპანია „პარუს ჰიდროს“ წარმომადგენლებიც, მათ ადგილობრივებთან ჰესის მშენებლობის ვადებისა და ეტაპების შესახებ დაწვრილებით ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ შატილში უკვე არის ერთი მცირე ზომის ჰესი, რომელიც აშენებულია 1970-იან წლებში და 1995-ში ჩაუტარდა ელექტრო – მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია. ჰესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. დღესდღეობით ორი აგრეგატიდან მუშაობს მხოლოდ ერთი, რომელსაც საპროექტო 130-დან მხოლოდ 50-60 კვტ სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი ამორტიზებულია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
შატილში მიკროჰესის მშენებლობის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობაც.