ნათია თურნავა - შარშანდელის მსგავსად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ენერგომომარაგების კუთხით ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში არ დავტოვოთ
შარშანდელის მსგავსად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა. ზამთრის პერიოდში ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთის რეგიონს მიეწოდება. წყალსაცავში წყლის შემცირების გამო, ელექტროსადგური სრული დატვირთვით ვერ მუშაობს და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რეგიონში ოთხ საათიანი გრაფიკი დააწესა. წყალსაცავში წყლის დონის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის გენერირება უფრო დაეცემა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გასული წელი ჰიდროლოგიის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული იყო, რაც ენგურჰესის რესურსებსაც დაეტყო. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზეთის რეგიონი რთულ ვითარებაში არ დატოვოს.
„ენგურჰესის რესურსები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს. რასაკვირველია, თუ არ იქნება რესურსი, როგორც შარშან, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში. ამასთანავე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის კომპანიებთან თვითონ ისინიც აწარმოებენ გარკვეულ მოლაპარაკებებს “, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის დასრულების შემდეგ, სამ წელიწადში, ორივე ელექტროსადგურის სიმძლავრეები თავის ისტორიულ დონეზე ავა.
კითხვაზე, ხომ არ ყოფილა რამე სახის კომუნიკაცია სეპარატისტებთან, მინისტრის თქმით, ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა და ვერ იქნება.
„სეპარატისტებთან ჩვენი ხელისუფლების არანაირი კომუნიკაცია არ იქნება და ვერ იქნება. როცა ვამბობთ, რომ ენგურჰესი ემსახურება სრულიად საქართველოს, ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, რომლებიც საკმაოდ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი ვალია, მათ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.