ნათია თურნავა - შაქრის წარმოება იმ დარგებს შორისაა, რომელსაც სერიოზულად განვავითარებთ, თუ რომელიმე კომპანია წარმოებისთვის მზად არის, გვერდით დავუდგებით
ადგილობრივი შაქრის წარმოება ერთ-ერთია იმ დარგებს შორის, რომელსაც სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, ამ შემთხვევაში „აგარის შაქრის“ კომბინატს, არამედ ადგილობრივი შაქრის წარმოებას.
„ეს ერთ-ერთია იმ დარგებს შორის, რომელსაც სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, რათა საკუთარი რესურსით მოვამარაგოთ ადგილობრივი ბაზარი, მათ შორის არის შაქრის წარმოება. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით „აგარის შაქრის“ კომბინატს, ამით ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე, ეს არის „აგარის შაქრის“ კომბინატი, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და პრაქტიკულად, ორ თვეში შეძლებს, დაიწყოს წარმოება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თუ რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმით მათ მხარს დაუჭერს.
„თუ რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ მათ სხვადასხვა მექანიზმით დავუდგებით გვერდით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.