ნათია თურნავა - შაჰდენიზისა და ტანაპის მსგავსი სტრატეგიული პროექტები არა მხოლოდ გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ თითოეული მოსახლის ჯიბეზე აისახება
ისეთი დიდი და სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა შაჰდენიზის მეორე ფაზა და ტანაპის პროექტი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის საუკუნის რეგიონალური პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ზრდის და გეოპოლიტიკური მდებარეობის კაპიტალიზაციას ახდენს, არამედ იმიტომ, რომ ეს პროექტი თითოეული მოსახლის ჯიბეზე აისახება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, თუ დღეს ეს გაზსადენი ექვს მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს ატარებს, მისი გაფართოების მეშვეობით, გაზის მოცულობა თითქმის ოთხმაგდება.
„შესაბამისად, ის კვოტა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი კუთვნილი სატრანზიტო გაზით და დერეფნის ფუნქციის შესრულებით, რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში გაიზრდება და ეს არის შეღავათიანი გაზი. სწორედ ამ პერსპექტივით მივუდგებით სატარიფო პოლიტიკას და იცით, რომ სემეკ-მა იმსჯელა და ცალკე განიხილა თბილისის გაზმომარაგების ტარიფები. ჩვენ შეგვიძლია, მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ უახლოესი სამი წელი ეს ტარიფი არ გაიზრდება და როგორც ვნახეთ, სიმბოლური კლებაც კი იყო. ამ დღეებში სემეკი განხილვას დანარჩენი საქართველოს ტარიფებს და მაქვს დიდი იმედი, რომ გაზის ტარიფები არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ გაზიფიკაციას ვატარებთ და მთელი საქართველოს 85% იქნება გაზიფიცირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.