ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
მადრიდის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის Fitur 2021-ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, ტატიანა მატიჩს შეხვდა. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორის სტატუსით არის წარდგენილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეალურ პოტენციალს ნაკლებად ასახავს და არსებობს შესაძლებლობები იმისა, რათა უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს დიალოგი სერბეთთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ პანდემიამდე სერბეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდი დინამიკა ჰქონდა.
„ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ და კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.