ნათია თურნავა -  საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონ ველიდან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით არიან დაინტერესებულნი
ნათია თურნავა - საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონ ველიდან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით არიან დაინტერესებულნი

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენ, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ონლაინფორმატში გაიმართა.

„პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა, ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი, რომელთაც ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ სილიკონ ველიზე. მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენს მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება. მათი შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონ ველიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500 000 აშშ დოლარის ინვესტირებას.